Ozzy

ოზი ოსბორნი – დამშვიდობება ბნელეთის პრინცთან

ჯონ მაიკლ „ოზი“ ოსბორნი, ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემიდან (ასტონი), მუსიკალური ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი, მაგრამ საკულტო ფიგურაა. მისი გზა ბლექ საბათიდან სოლო კარიერამდე, რეალითი შოუმდე და პირად ცხოვრებამდე იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეუძლებელია ერთ პოსტში ჩატიო. ოზის ისტორია – ეს არის ბრძოლა საკუთარი თავის, საზოგადოების, დამოკიდებულებებისა და თვით დროის წინააღმდეგ.

ბავშვობა ბირმინგემში

ოზი დაიბადა 1948 წელს, ინგლისის ინდუსტრიულ ქალაქ ბირმინგემში, მუშათა კლასის ოჯახში. ბრიტანეთის ეს ქალაქი მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ-ერთი იყო, რომელმაც დაბომბვების დროს სერიოზული ზიანი განიცადა. მწყობრიდან იყო გამოსული ინფრასტრუქტურა, ჯერ არ იყო სრულად აღდგენილი შენობა ნაგებობები და საერთოდ მაშინდელი ბირმინგემი მცირედით პოსტ აპოკალიფსურ ქალაქს მოგვაგონებდა. ოზის მამა ფაბრიკაში მუშაობდა, დედა კი ქარხანაში. ოჯახს ხშირად არ ჰყოფნიდა ფული, ხოლო ოზი ბავშვობაში იტანჯებოდა დისლექსიით, რასაც თან ერთვოდა სტიგმა და დაცინვა სკოლაში. ამ ყოველივემ დიდი გავლენა მოახდინა მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე და საფუძველი მოუმზადა ბნელეთის პრინცის მოვლინებას.

ბლექ საბათი და მძიმე მეტალის დაბადება

სამოციანი წლების ბოლოს ოზის სამ თანაქალაქელ ბიჭთან ერთად – ტონი აიომი, გიზერ ბატლერ და ბილ უორდთან ერთად უკვე ჩამოყალიბებული ქონდა ბლუზ ბენდი „Polka Tulk and Earth”. თუმცა 1968 წლის ბოლოს ბენდმა გადაწყვიტა შეეცვალა პროფილი და გამხდარიყო იმდროინდელი კალიფორნიული ჰიპური მოძრაობის სრული ანტითეზისი. ინსპირაცია მაშინდელი საშინელებათა ფილმებიდან მიიღეს და ბენდის სახელი 1963 წლის ბორის კარლოფის ფილმს დაესესხნენ.

ბლექ საბათის მუსიკა ბნელი, მძიმე და ენერგიული იყო. ოზის უნიკალური ვოკალი და ტონი აიომის დამახასიათებელი გიტარის ჟღერადობა ბენდს განსხვავებულ, საშიშ და სიურრეალისტურ სანახაობად აქცევდა. ბლექ საბათი უკვე პირველივე ალბომის გამოსვლისას გახდა პოპულარული. ბენდის მუსიკა  ერთდროულად იყო ზეციურიც და ჯოჯოხეთურიც.

ოზიმ ბლექ საბატთან ერთად რამოდენიმე ალბომი გამოსცა: Black Sabbath (1970); Paranoid (1970) – შეიცავდა ჰიტებს: „Paranoid“, „Iron Man“, „War Pigs“; Master of Reality (1971) – მძიმე პასაჟებით და ფსიქოდელიური ელემენტებით; Vol. 4 (1972) – კოკაინით გაჟღენთილი კლასიკა; Sabbath Bloody Sabbath (1973) – ექსპერიმენტული და შავბნელი.

ბლექ საბათიდან გაძევება და სოლო კარიერის დასაწყისი

1978 წლისთვის ოზის ნარკო  და ალკოჰოლური დამოკიდებულებები უკვე ყოველგვარ კონტროლს გასცდა. ბლექ საბათში აზრი ორად გაიყო: ჯგუფი ცდილობდა მწყობრ მუშაობას, ოზი კი არეულ ცხოვრებას აგრძელებდა.  საბოლოოდ, 1979 წელს მას ოფიციალურად განუცხადეს, რომ ჯგუფს ტოვებდა. შემდგომში ოზი ინტერვიუში თავად აღიარებს: „მათ ჯგუფიდან გამათავისუფლეს იმისთვის, რომ ხშირად მოვიხმარდი აკრძალულ ნივთიერებებს, თუმცა ეს ზედმეტად კრიტიკული განცხადდება იყო, იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ მთელი ბენდი მოვიხმარდით …

საბატის დატოვების შემდეგ ბევრს ეგონა, რომ მისი კარიერა დასრულდა, ოზიც განადგურებული იყო, თუმცა რეალურად ყველაფერი სწორედ მაშინ დაიწყო.

შერონ არდენის, მომავალი მეუღლის და მენეჯერის დახმარებით, ოზიმ დაიწყო სოლო კარიერა და მალევე გამოუშვა ალბომი Blizzard of Ozz, რომელშიც შევიდა ლეგენდარული ჰიტი “Crazy Train”. ალბომს გრანდიოზული წარმატება მოყვა.

სოლო კარიერის განმავლობაში ოზიმ უფრო განიმტკიცდა მეტსახელი და ბნელეთის პრინცის სტატუსი. მან არაერთი ლეგენდარული ალბომი გამოსცა. აღსანიშნავია: Diary of a Madman (1981) – დრამატული და მელოდიური; Bark at the Moon (1983) – უფრო კომერციული ჟღერადობით; No More Tears (1991) – მოიცავდა ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ სიმღერას: „Mama, I’m Coming Home“; Ordinary Man (2020) – ოზის ნოსტალგიური დაბრუნება; Patient Number 9 (2022) – გრემის გამარჯვებული ალბომი.

ოზი ოჯახში და რეალითი შოუ

2002 წელს MTV-ზე გამოჩნდა რიალითი შოუ The Osbournes, რომელიც ოზის ოჯახურ ცხოვრებას ასახავდა. შოუ აბსოლუტური ჰიტი გახდა – საზოგადოებამ დაინახა არა მხოლოდ “ბნელეთის პრინცის”, არამედ მბორგავი, ცოტა დაბნეული, ხშირად სასაცილო და თბილი მეოჯახე და მზრუნველი მამა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთივე სირთულეებს ხვდება, როგორც ყველა ჩვენგანი. რიალითი შოუმ ოზი ახალ თაობას გააცნო და მისი პერსონის ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდა.

ოზის მთელი ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებულია შერონთან. შეიძლება ითქვას მათ ერთად გადალახეს კარიერის ჩავარდნა, ნარკოტიკულ კრიზისები და ოჯახურ პრობლემები. შერონის წვლილი და დამსახურება უდიდესია ოზის გადარჩენასა და წარმატებაში. შერონი იყო – მისი მენეჯერი, მეგობარი და პარტნიორი.

ბრძოლა საკუთარ თავთან

ოზის დამოკიდებულება ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე ლეგენდარულია. მისი წიგნი I Am Ozzy სავსეა შოკისმომგვრელი, მაგრამ ხშირად სასაცილო ისტორიებით მისი ცხოვრებიდან. ალკოჰოლი, LSD, კოკაინი, ვალიუმი, ჰეროინი… მისი თქმით, იყო პერიოდი, როცა იმდენი ტოქსინი ჰქონდა ორგანიზმში, რომ თაგვებმა მისი სისხლის დალევაზე უარი თქვეს ლაბორატორიაში.

სიცოცხლის ბოლო წლები და ბოლო ნათება სცენაზე

ბოლო წლებში ოზი ოსბორნი ხშირად წერდა და საუბრობდა გარდაუვალობაზე. მისი ცხოვრება გადაიქცა მუდმივ ბრძოლად – ფიზიკურ და ემოციურ ჭიდილად საკუთარ სხეულთან. 2020 წელს ოზის პარკინსონის დაავადება დაუდგინდა, ხოლო ხერხემლის ოპერაციებმა კიდევ უფრო დაამძიმა მისი ჯანმრთელობა.

2025 წლის ივლისში, ლოს ანჯელესში ჩატარდა ლეგენდარული გამოსათხოვარი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ მისი ოჯახის წევრები, როკის ლეგენდები და ათასობით გულშემატკივარი. ოზი სცენაზე სიარულს ვერ ახერხებდა და სპეციალურ სავარძელზე იყო დაბმული. მიუხედავა ამისა მისი ხმა ჟღერდა ისე, როგორც არასდროს. როდესაც კომპოზიცია “No More Tears” გაისმა ფეხზე წამომდგარმა მაყურებელმა, ყველა დამსწრე თაობამ ერთად იტირა.

ოზის ბოლო სიტყვები სცენიდან იყო: “Thank you for letting me be your madman.”

ოზი ოსბორნი 2025 წლის 22 ივლისს გარდაიცვალა!

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn