ჩვენს შესახებ
ჩვენს შესახებ
პირველი ვინილის ფირფიტების საკრავი 80-იან წლებში მაჩუქეს. ეს ის პერიოდია ჯერ ჩერნობილის კატასტროფა არ იყო მომხდარი, საბჭოთა კავშირი შემართებით მიისწრაფოდა უტოპიური კომუნიზმისკენ დ ამ დიდ სახელმწიფოს ერთი „ტყლიპიანი“ კაცი განაგებდა, რომელიც მსოფლიო ასპარეზზე პირველი საბჭოელი „გენ-სეკი“ იყო რკინის ფარდის უკნიდან რომ გამოჩნდა, და ცივი ომის დასასრული ამცნო კოლეგებს.
მაშინ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ადგილობრივი წარმოების „პლასტინკები“ იყო მოდაში. „მოდაში“ – რა, სხვა შესატყვისი ვერ მოვუძებნე, უბრალოდ გეგმურ ეკონომიკაში მეტი არჩევანი არ გვქონდა, თუ არ ჩათვლით ბულგარულ „ბალკანტონს“ ან დახლქვეშ „ოთუსბირად“ ნაყიდ პოლონურ ეგზემპლარებს. საბჭოთა კაშირის მასშტაბით ფირფიტებს რამდენიმე წერტილში პრესავდნენ, ჩვენი საამაყო დედაქალაქი ერთ-ერთი მათგანი იყო, თუმცა საუკეთესო ჟღერადობის მაინც „აპრელევსკის“ ქარხნის გამოშვებული ნაწარმი ითვლებოდა. რაც მთავარია, როგორც ყველა მაშინდელ პროდუქტს ფასი ქარხნიდან ზედ ეწერა, ამდენი „რუბლი“ და ამდენი „კაპიკი“, დღეს უკვე კაპიტალისტურად მოაზროვნეს ამ ფაქტზე მეღიმება.
ეს ამ სიგრძე შესავალი იმისთვის დაგვჭირდა, რომ გვეჩვენებინა თუ რამდენად ასაკში ვართ, და რამდენად მოგვდევს ბავშვობიდან ვინილის ფირფიტების მიმართ სიყვარული.
დღეს ისიც გვახარებს, რომ გლობალიზაციამ და ინტერნეტ ტექნოლოგიებმა კარი გაუღო ევროპის და ამერიკის ბაზრებს ნაწარმოებებს. ახალა უკვე შეგვიძლია მტვერს სული შევუბეროთ, საკრავზე მოვათავსოთ Pink Floyd-ის 1973 წელს გამოშვებული უკვდავი ალბომი და ზუსტად ის მოვისმინოთ რაც ამ წლის ცივ ზამთარში „ები როუდის“ სტუდიაში იწერებოდა, ზუსტად ისეთი ჟღერადობით, როგორც სურდა ამ უკვდავი ბენდის წევრებს და მათ ტექნიკურ გუნდს.
ამ ვებ გვერდის შექმნის მთავარი იდეაც ზუსტად ეს არის, რაც შეიძლება მეტი ორიგინალი, ნაწარმი რომელიც იმ პერიოდის სულისკვეთებას, ატმოსფეროს და რაც მთავარია ემოციას გადმოცემს, სხვადასხვა სავაჭრო პლატფორმებზე გამოვიჭიროთ და ქართული მსმენლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. აქ ნებისმიერი თქვენგანი შეძლებს საყვარელი ვინილების ყიდვას, ან სულაც იმ ალბომის შეძენას რომელზეც უკვე დიდი ხანია ოცნებობდა.
მოკლედ, ვინილის ფირფიტების ან თუ გნებავთ “პლასტინკების” ყიდვა – გაყიდვა ჩვენ მოგვანდეთ, ვიცით რომ გრძელ გზას დავადექით, მაგრამ ისიც ზუსტად ვიცით, რომ სიყვარულის საქმეს ვემსახურებით.
წარმატებები ვინილომანებო – შევხვდებით vinyl.ge-ზე.
ირაკლი დოკაძე
დამფუძნებელი / გნერალური დირექტორი